კომპანია Mattel-მა გამოუშვა თოჯინა, რომელსაც პირველი ტიპის დიაბეტი აქვს. თოჯინას ლურჯი, კოპლებიანი კაბა აცვია და სისხლში შაქრის დონის კონტროლისთვის მკლავზე გლუკოზის მუდმივი მონიტორინგის მოწყობილობა აქვს. ამასთან, ახალ ბარბის წელზე ინსულინის ტუმბო აქვს მიმაგრებული მისი ავტომატური მიწოდებისთვის, ხელში კი საჭირო ნივთებისა და წასახემსებლებისთვის პატარა ჩანთა უჭირავს.
Mattel-ის ახალი პროდუქტი დიდ ბრიტანეთში უკვე იყიდება და ამის აღსანიშნად Mattel-მა მოდელ ლაილა მოსის გარეგნობის მიხედვით შექმნა სპეციალური თოჯინა.
„წარმოუდგენელია, რომ არსებობს უნიკალური ბარბის თოჯინა, რომელიც ჩემსავით პირველი ტიპის დიაბეტით ცხოვრობს. არაჩვეულებრივია, რომ ახლა უკვე არსებობს ამგვარი თოჯინა, რომლის შეძენა და რომელშიც საკუთარი დანახვაა შესაძლებელი. ბავშვები შეძლებენ, ამ თოჯინათი ითამაშონ და საკუთარი თავი ამოიცნონ საკულტო ბარბიში. ვფიქრობ, პატარა ლაილა ნამდვილად აღფრთოვანებული იქნებოდა იმით, თუ რამდენად მაგარია ჩემი ბარბის სამოსი, რამდენად ლამაზია მისი კაბა, პატარა ოქროს სამაჯური, და რამდენად მოხდენილია ზოგადად. ამაყი იქნებოდა იმით, რომ ძალიან მნიშვნელოვან რამეს წარმოადგენს – რაღაც ისეთს, რაც ჩემთვის ძალიან განსაკუთრებულია“, – ამბობს ლაილა მოსი.
Mattel-მა თოჯინას შესაქმნელად Breakthrough T1D-სთან, პირველი ტიპის დიაბეტის კვლევით და ადვოკატირების მსოფლიოში წამყვან ორგანიზაციასთან, ითანამშრომლა, რათა ბარბის დიზაინს რეალობა მაქსიმალური სიზუსტით აესახა.
ამ თოჯინას შექმნის მიზანი იმის უზრუნველყოფაა, რომ ბარბის სამყაროში საკუთარი თავი დიაბეტის მქონე ბავშვებმაც დაინახონ.